კვლევისთვის საჭირო უნარები
22 August 2026 42
აკადემიური და კვლევითი საქმიანობა სხვადასხვა უნარის ერთობლიობას მოითხოვს. სტუდენტს, ახალგაზრდა მკვლევარსა და აკადემიური კარიერის განვითარების მსურველ პირს საჭიროა შეეძლოს ინფორმაციის მოძიება და შეფასება, კვლევის დაგეგმვა, აკადემიური ტექსტის მომზადება, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, საკუთარი ნაშრომის წარდგენა და პროფესიულ გარემოში ეფექტიანი კომუნიკაცია.
უნარები ეტაპობრივად ვითარდება და მათი სრულყოფა აკადემიური გზის სხვადასხვა საფეხურზე გრძელდება.
კვლევითი უნარები აუცილებელია როგორც სასწავლო დავალებების, ისე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების შესრულებისთვის.
მკვლევარს უნდა შეეძლოს საკვლევი თემის განსაზღვრა, კვლევის პრობლემის ჩამოყალიბება, კვლევითი კითხვების დასმა და კვლევის მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა.
მნიშვნელოვანია კვლევის მეთოდოლოგიისა და შესაბამისი მეთოდების შერჩევის ცოდნაც. მკვლევარმა უნდა შეძლოს განსაზღვროს, რომელი მიდგომა და მეთოდი შეესაბამება მის კვლევით კითხვებსა და საკვლევ მასალას.
კვლევითი უნარები ასევე მოიცავს მონაცემების შეგროვების, ორგანიზების, მართვისა და ანალიზის უნარს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანდო აკადემიური წყაროების მოძიების უნარს. მკვლევარმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს აკადემიური საძიებო სისტემები, სამეცნიერო ბაზები, ელექტრონული ბიბლიოთეკები და რეპოზიტორიუმები.