ინფორმაციული წიგნიერება
18 September 2026 26
ინფორმაციული წიგნიერება გულისხმობს საჭირო ინფორმაციის მოძიების, მისი სანდოობის შეფასების, შესაბამისი წყაროს შერჩევისა და ინფორმაციის ეთიკურად გამოყენების უნარს.
მკვლევარმა უნდა შეძლოს ერთმანეთისგან განასხვავოს სანდო აკადემიური წყარო და არასანდო ან დაუდასტურებელი ინფორმაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტში მოძიებული მასალის კრიტიკული შეფასება.
ციტირება
აკადემიური ნაშრომის მომზადებისას მნიშვნელოვანია გამოყენებული წყაროების სწორად დამოწმება. ციტირება მკითხველს აჩვენებს, თუ რომელ წყაროს ეყრდნობა ავტორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მოსაზრება, არგუმენტი, მონაცემი ან ციტატა. ამასთან, წყაროების სწორად მითითება ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას და პლაგიატის თავიდან აცილებას.
ციტირების წესები შეიძლება განსხვავდებოდეს აკადემიური სფეროსა და დაწესებულების მოთხოვნების მიხედვით. გავრცელებული სტილებია APA, MLA, Chicago და სხვა.
ციტირების სტილის შერჩევა, როგორც წესი, დამოკიდებულია აკადემიურ დარგზე, უნივერსიტეტის ან სამეცნიერო ჟურნალის მოთხოვნებზე. ამიტომ ნაშრომის მომზადებამდე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომელი სტილის გამოყენებაა მოთხოვნილი.
APA სტილი
APA (American Psychological Association) განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური მეცნიერებებისა და მონათესავე სფეროებში.
APA იყენებს ავტორი-თარიღის სისტემას. წყაროზე მითითებისას ტექსტში,
როგორც წესი, იწერება ავტორის გვარი და გამოცემის წელი
(Bandura, 1977)
თუ ტექსტში ავტორის გვარი უკვე არის მოხსენიებული, ფრჩხილებში მხოლოდ
წელი შეიძლება მიეთითოს
ჯავახიშილი (1942) აღნიშნავს, რომ...
პირდაპირი ციტატის გამოყენებისას მითითებას ემატება გვერდის ნომერიც
(Bandura, 1977: 22)
ნაშრომის ბოლოს კი გამოყენებული წყაროები განთავსდება. წიგნის ჩანაწერის
ზოგადი ფორმაა
გვარი, ინიციალი. (წელი). წიგნის სათაური. გამომცემლობა.
მაგალითად
Bandura, A. (1977). Social learning theory. Prentice Hall.
სამეცნიერო სტატიის შემთხვევაში მიეთითება ავტორი, წელი, სტატიის სათაური, ჟურნალის სახელწოდება, ტომი, ნომერი, გვერდები და, არსებობის შემთხვევაში, DOI.
APA-ს სტილში მნიშვნელოვანია, რომ ტექსტში გამოყენებული თითოეული წყარო შესაბამის ჩანაწერს პოულობდეს გამოყენებული ლიტერატურის სიაში და პირიქით.
MLA სტილი
MLA (Modern Language Association) სტილი განსაკუთრებით გავრცელებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, მათ შორის ლიტერატურის, ენისა და კულტურის კვლევებში.
APA-სგან განსხვავებით, MLA ძირითადად იყენებს ავტორი-გვერდის სისტემას. ტექსტში წყაროს მითითებისას, როგორც წესი, იწერება ავტორის გვარი და გვერდის
ნომერი
(Eagleton 45)
თუ ავტორის გვარი წინადადებაშივეა მოხსენიებული, ფრჩხილებში მხოლოდ გვერდის ნომერი იწერება.
ჩვეულებრივ, MLA-ს შემთხვევაში გამოცემის წელი არ შედის ტექსტში მოცემულ მოკლე მითითებაში.
ნაშრომის ბოლოს წყაროები თავსდება ციტირებული ნაშრომების განყოფილებაში.
ნაშრომის ბოლოში წიგნის ციტირების ზოგადი ფორმაა
გვარი, სახელი. წიგნის სათაური. გამომცემლობა, წელი
Eagleton, Terry. Literary Theory: An Introduction. Blackwell, 1983.
Chicago სტილი
Chicago სტილი განსხვავებულია იმით, რომ მოიცავს ციტირების ორ ძირითად
სისტემას
- შენიშვნებისა და ბიბლიოგრაფიის სისტემა;
- ავტორი-თარიღის სისტემა.
შენიშვნებისა და ბიბლიოგრაფიის სისტემა განსაკუთრებით გამოიყენება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ამ შემთხვევაში წყარო ტექსტში, როგორც წესი, აღინიშნება ზედა ინდექსით, ხოლო მისი მონაცემები მოცემულია გვერდის ქვედა ნაწილში სქოლიოს სახით.
მაგალითად
კვლევის მეთოდოლოგია დამოკიდებულია საკვლევი საკითხის ბუნებაზე.¹
სქოლიოში
John Smith, Academic Research Methods (Oxford University Press, 2022), 45. ნაშრომის ბოლოს კი წყაროები მოცემულია ბიბლიოგრაფიაში.
ციტირების სტილის არჩევა
ციტირების სტილის არჩევისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, სასწავლო კურსის, სამეცნიერო ჟურნალის ან გამომცემლობის მოთხოვნები. სხვადასხვა აკადემიურ სფეროში განსხვავებული სტილებია დამკვიდრებული და კონკრეტული დარგისთვის ერთი სტილის გამოყენება შეიძლება უფრო გავრცელებული იყოს, ვიდრე სხვა სფეროში.
არჩეული სტილი ნაშრომის განმავლობაში თანმიმდევრულად უნდა იქნეს გამოყენებული. არ არის რეკომენდებული ერთი და იმავე ნაშრომის სხვადასხვა ნაწილში APA-ს, MLA-სა და Chicago-ს წესების ერთმანეთში შერევა.
ამასთან, მხოლოდ ციტირების სტილის ცოდნა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს, როდის არის აუცილებელი წყაროს მითითება, როგორ უნდა მოხდეს პირდაპირი ციტირება და პარაფრაზირება, როგორ უნდა შედგეს გამოყენებული ლიტერატურის სია და როგორ უნდა ავირიდოთ პლაგიატი. ამიტომ ციტირება აკადემიური წერისა და კვლევის ეთიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა განვიხილოთ.
პლაგიატის თავიდან აცილება
პლაგიატი გულისხმობს სხვისი ტექსტის, იდეის, მონაცემის ან სხვა ინტელექტუალური პროდუქტის საკუთარ ნაშრომში გამოყენებას სათანადო მითითების გარეშე.
პლაგიატის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამოყენებული წყაროების ზუსტად აღრიცხვა, ციტატების სათანადოდ გაფორმება და პარაფრაზირების შემთხვევაშიც წყაროს მითითება.
აკადემიური კეთილსინდისიერება მოითხოვს, რომ მკვლევარმა საკუთარი ნაშრომი დამოუკიდებლად და პასუხისმგებლობით შეასრულოს და სხვისი ინტელექტუალური შრომა სათანადოდ აღიაროს.