გადასვლა მთავარ შიგთავსზე

მაგისტრატურა

მაგისტრატურა წარმოადგენს უმაღლესი განათლების იმ საფეხურს, სადაც სწავლა გადადის უფრო სიღრმისეულ და მიზანმიმართულ ფორმატში. ამ ეტაპზე სტუდენტი უკვე აღარ კმაყოფილდება ზოგადი ცოდნით და იგი ცდილობს კონკრეტული სფეროს ფარგლებში გაარკვიოს, რომელი მიმართულება აინტერესებს განსაკუთრებით და სწორედ ამ მიმართულებით გააღრმაოს ცოდნა.

მაგისტრატურის პროგრამები, როგორც წესი, ორიენტირებულია არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ მის კრიტიკულ გააზრებასა და დამოუკიდებელ ინტერპრეტაციაზე. სტუდენტი სწავლობს, როგორ შეაფასოს სხვადასხვა თეორია, როგორ შეადაროს ერთმანეთს განსხვავებული მიდგომები და როგორ ჩამოაყალიბოს საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია.

სწავლების პროცესი უფრო ინტენსიური და ანალიტიკურია: სტუდენტი აქტიურად მუშაობს სამეცნიერო სტატიებთან, მონოგრაფიებთან და აკადემიურ წყაროებთან, წერს სხვადასხვა ტიპის წერით დავალებებს (ესეებს, კვლევით ნაშრომებს), მონაწილეობს სემინარებსა და დისკუსიებში. მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა დამოუკიდებელ მუშაობას, რაც გულისხმობს როგორც ლიტერატურის მოძიებასა და დამუშავებას, ისე კვლევითი იდეების განვითარებას.

ხშირად მაგისტრატურის სტუდენტები ერთვებიან რეალურ კვლევით პროექტებში, მუშაობენ ლაბორატორიაში, არქივში, კორპუსულ მონაცემებთან ან სხვა ტიპის კვლევით მასალასთან, რაც მათ საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამსოცადონ.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევითი უნარების განვითარება

სტუდენტი სწავლობს, როგორ დასვას კვლევითი კითხვა, როგორ დაგეგმოს კვლევა, როგორ შეაგროვოს და გააანალიზოს მონაცემები და როგორ წარმოადგინოს შედეგები აკადემიური სტანდარტების დაცვით.

მაგისტრატურის დასრულების მნიშვნელოვანი ეტაპია სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის სრულყოფილ დამოუკიდებელ კვლევას. ეს ნაშრომი აერთიანებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას და ხშირად განსაზღვრავს, გააგრძელებს თუ არა სტუდენტი აკადემიურ გზას დოქტორანტურაში.

მაგალითი

მარიამი, რომელმაც ბაკალავრიატი ბიოლოგიაში დაამთავრა, მაგისტრატურაში ირჩევს გენეტიკას. ახლა მისი სწავლა უკვე დაკავშირებულია კონკრეტულ თემასთან: გენების ექსპრესიის მექანიზმებთან.

ის მუშაობს ლაბორატორიაში, აგროვებს მონაცემებს და სწავლობს, როგორ უნდა გააანალიზოს ისინი მეცნიერულად. მისი სამაგისტრო ნაშრომი ეფუძნება ამ კვლევას და წარმოადგენს მის პირველ სერიოზულ დამოუკიდებელ მეცნიერულ ნაშრომს.